მაია ბითაძე - გიორგი გახარიამ გააკეთა ნათელი განაცხადი, რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, მისმა პოზიციამ იმ დილით სურათი შეცვალა
მაია ბითაძე - გიორგი გახარიამ გააკეთა ნათელი განაცხადი, რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, მისმა პოზიციამ იმ დილით სურათი შეცვალა

გიორგი გახარიამ გააკეთა ძალიან ნათელი განაცხადი, თუ რატომ მიიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, მისმა პოზიციამ პრინციპში იმ დილით სურათი შეცვალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდნენ, რომ იქნებოდა შეხლა-შემოხლა და აღნიშნა, რომ გახარიას გადაწყვეტილებამ პროცესები შეანელა.

„გიორგი გახარიამ, როგორც ერთ-ერთმა ძალიან წარმატებულმა პრემიერმა, რომელმაც საკმაოდ კარგად მართა ის კრიზისული სიტუაცია, რაც ქვეყანაში იყო და კვლავ რჩება ბევრი გამოწვევა, გააკეთა ძალიან ნათელი განაცხადი, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადასთან. ეს მისი პოზიცია იყო, რამაც პრინციპში იმ დილით შეცვალა სურათი, შეცვალა რეალობა და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი გულით და სულით და სავარაუდოდ სიხარულით ელოდებოდნენ, რომ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ, აღესრულებინათ და ელოდნენ, რომ გაიმართებოდა რაღაც შეხლა-შემოხლა, გვესმოდა მოწოდებები მათ შორის, რომ ველოდოთ სისხლისღვრას, ველოდოთ დაპირისპირებას, ამის სურვილი ისმოდა, გახარიას ამ გადაწყვეტილებამ ეს პროცესები შეანელა.იმედი მაქვს, რომ პროცესი ამ ფორმით, რა ფორმითაც უნდა ოპოზიციას, რომ განვითარდეს, არასდროს არ განვითარდება. ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიამ მიიღო სუბიექტური გადაწყვეტილება აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, დანარჩენს გვანახებს დრო“, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდი არსებითად არ შეცვლილა და როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა გადასულია ყოველდღიური, რუტინული სამუშაო რეჟიმის გრაფიკზე. ბითაძის თქმით, მთავრობის დამტკიცების შემდგომ, კვლავ ჩვეულებრივად გაგრძელდება მუშაობა სამთავრობო პროგრამების განხორციელებაზე.

„თუ რატომ მოხდა ასე სწრაფად ახალი გუნდის წარდგენა, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ აქვს იმის დრო, რომ ორ თვეში ერთხელ ხელახლა ვამტკიცოთ სამთავრობო პროგრამა. ამიტომ შაბათ-კვირა არის გამოყენებული, რათა პროცედურული ნაწილი გავიაროთ. სამთავრობო გუნდი იცით, რომ არსებითად არ შეცვლილა. შესაბამისად ჩვენ, როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა გადასული ვართ ყოველდღიური, რუტინული სამუშაო რეჟიმის გრაფიკზე, რაც არ უნდა შეწყდეს. შესაბამისად, ორშაბათს, მთავრობის დამტკიცების შემდგომ, კვლავ გაგრძელდება ჩვეულებრივად მუშაობა სამთავრობო პროგრამების განხორციელებაზე, რაც თავის თავში გულისხმობს ძალიან ბევრი კანონპროექტის მიღებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დატოვე კომენტარი