მაია ბითაძე - ჩვენი გუნდი ვამაყობთ, რომ გარემოს დაცვის საკითხები შევიტანეთ ქალაქმშენებლობაში, მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი
ჩვენი გუნდი ვამაყობთ იმით, რომ გარემოს დაცვის საკითხები შევიტანეთ ქალაქმშენებლობაში, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ქალაქმშენებლობის, მშენებლობის ნებართვების გაცემის და სივრცითი მოწყობის დოკუმენტებიდან საერთოდ გაძევებული იყო გარემოს დაცვითი საკითხები. გარემოს დაცვით საკითხებში ვგულისხმობ გეოლოგიას, ჰიდროლოგიას, გეოინჟინერიას და ა.შ. ეს საკითხები დაბრუნდა კანონმდებლობაში და დაბრუნდა სხვა მოცემულობით, იმ თანამედროვე ევროპული გამოცდილებით, რომელიც მაქსიმალურს აკეთებს, რათა პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, საქართველო მოწყვლადია ყველანაირი ბუნებრივი კატასტროფის მიმართ და აქ ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.
„ერთი არის ჩვენი ცოდნის და მომავალი თაობის ცოდნის ამაღლება, მზაობა, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა ვიყოთ გაფრთხილებული წინასწარ. ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ კეთდება. ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი დღეს იყოს, მაგრამ იქ, სადაც ეს ყველაფერი გაუქმებული იყო და ამ ყველაფერს თავიდან ქმნი როგორც შენი თანხებით, ისე უცხოელების დახმარებით, ამას, ბუნებრივია, გარკვეული დრო სჭირდებოდა; მეორე, არის კანონმდებლობაში მეტი გარემოს დაცვა. ახალი კანონმდებლობის ფორმირების პარალელურად, მშენებლობის ნებართვის გაცემა არ შეიძლება მდინარის კალაპოტში, არ შეიძლება მდინარის კალაპოტის გასხვისება, გეოლოგიური ნაწილი სხვა დონეზეა შესწავლილი, როდესაც მშენებლობის ნებართვები გაიცემა და ა.შ. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ასი პროცენტით კარგად კეთდება, მაგრამ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი“, – განაცხადა ბითაძემ.
ამასთან, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ზონირებაზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით იქმნება ზონირების რუკები, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, სად შეიძლება მშენებლობა და სად – არა.
მაია ბითაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყანაში მშენებლობის ნებართვები მეწყრულ მთებზე გაიცემოდა.
„თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ ჩვენ მოგვიწია არათუ მშენებლობის ნებართვების გაუქმება, არამედ განაშენიანების რეგულირების რამდენიმე გეგმის გაუქმება. მოგვიწია მშენებლობის ნებართვების გაუქმება, რომლებიც ვერეს ხეობაში იყო გაცემული და იქ, ბუნებრივია, კომპენსაციები მიეცათ ადამიანებს. განაშენიანების რეგულირების გეგმა გავაუქმეთ ჟვანიას ქუჩაზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.