მაჰმუდ აბასი ევროკავშირს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებით მიმართავს
მაჰმუდ აბასი ევროკავშირს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებით მიმართავს

მაჰმუდ აბასი ევროკავშირს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიად ალ-მალკიმ ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მალკის თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას მაჰმუდ აბასი კიდევ ერთხელ ისაუბრებს სამშვიდობო პროცესის აუცილებლობაზე.

„ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, დღეს პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავს. დიპლომატები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე აღიარების საკითხი განხილული არ იქნება და მთავარი აქცენტი შესაძლოა ევროკავშირსა და პალესტინის ადმინისტრაციას შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე გაკეთდეს.

მაჰმუდ აბასის ევროპაში ვიზიტი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ახლო აღმოსავლეთში ყოფნას ემთხვევა. პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ პენსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. უთანხმოების საფუძველი აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებაა, რასაც არაბები აპროტესტებენ.