მაჰმუდ აბასი - აშშ-ს სამშვიდობო პროცესში შუამავლად ვეღარ მივიღებთ
მაჰმუდ აბასი - აშშ-ს სამშვიდობო პროცესში შუამავლად ვეღარ მივიღებთ

პალესტინის ავტონომიის ლიდერის განცხადებით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუკერძოებელი მხარე აღარ არის.

„ჩვენ, პალესტინელები აშშ-ს სამშვიდობო პროცესში შუამავლად ვეღარ მივიღებთ. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის მიუკერძოებელი მხარე. ჩვენ მივმართავთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გააუქმოს აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე“, – განაცხადა პალესტინის ლიდერმა სტამბოლში, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება.

თურქეთში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) სამიტზე ჩასულმა მუსლიმური ქვეყნების ლიდერებმა აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადეს.

„ტრამპს სურს, იერუსალიმი ისრაელს საჩუქრად გადასცეს ისე, თითქოს აშშ-ს ერთ -ერთ შტატს ჩუქნიდეს. იმისათვის, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფო იყო, საჭიროა გყავდეს მთავრობა, ხალხი და გქონდეს საზღვრები. ისრაელს ჰყავს მთავრობა, ხალხი, მაგრამ არ აქვს საზღვრები. აშშ-ს კონგრესს სურს, რომ პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელოს და ამ დროს, თავად არის ტერორიზმის შემომქმედი. იერუსალიმი იყო, არის და იქნება პალესტინის დედაქალაქი“, –  განაცხადა მაჰმუდ აბასმა თურქეთის პრეზიდენტის მიერ მოწვეულ საგანგებო სამიტზე.