მაგნუს კარლსენმა უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაზე #1TVSPORT
მაგნუს კარლსენმა უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაზე #1TVSPORT

ნორვეგიელი დიდოსტატი მაგნუს კარლსენი არ ითამაშებს პრეტენდენტთა ტურნირში, რომელშიც გამოვლინდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის მონაწილე.

მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი ამტკიცებს, რომ ის ვეღარ იღებს სიამოვნებას ამგვარი ტურნირებისგან.

„შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, მე არ ვითამაშებ პრეტენდენტთა ტურნირში. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ“, – მოჰყავს კარლსენის სიტყვები ვებგვერდ chess.com-ს.

ნორვეგიელმა უკვე მეორედ თქვა უარი ტიტულის დაცვაზე კლასიკურ ჭადრაკში. მანამდე მან ხუთჯერ შეძლო საჩემპიონო მატჩის მოგება: ვიშვანათან ანანდთან (2013, 2014), სერგეი კარიაკინთან (2016), ფაბიანო კარუანასთან (2018) და იან ნეპომნიაშჩისთან (2021).

დღეს მოქმედი ჩემპიონი ჩინელი დინ ლიჟენია, რომელიც ტიტულს პრეტენდენტთა ტურნირზე გამარჯვებულთან მატჩში დაიცავს.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) უკვე გამოაქვეყნა პრეტენდენტთა ტურნირის მონაწილეთა სია:

იან ნეპომნიაშჩი, პრაგნანანდჰა რამეშბაბუ (ინდოეთი), ფაბიანო კარუანა (აშშ), ვიდით გუჯრათი (ინდოეთი), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ), ალირეზა ფირუჯა (საფრანგეთი), გუკეშ დომარაჯუ (ინდოეთი), ნიჯათ აბასოვი (აზერბაიჯანი).

ტურნირი 2024 წლის 2-25 აპრილს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.