მაგნიტოგორსკში სახლთან, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, მიკროავტობუსი აფეთქდა
მაგნიტოგორსკში სახლთან, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, მიკროავტობუსი აფეთქდა

მაგნიტოგორსკში სამარშრუტო ტაქსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება იმ სახლთან ახლოს მოხდა, რომლის ერთ-ერთი სადარბაზოც 31 დეკემბერს ჩამოინგრა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი მაშინ აფეთქდა, როდესაც სამართალდამცველები ავტომობილში მსხდომი ტერორისტების დაკავებას ცდილობდნენ. შედეგად სამი პირი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ისმოდა სროლის ხმაც. გამოცემა Znak.ru იუწყება, რომ ორი აფეთქება მაგნიტოგორსკში ერთმანეთთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სამართალდამცველებმა ჩამონგრეული სახლის ერთ-ერთ ბინაში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. მათივე თქმით, აღნიშნულ ბინაში ტაჯიკეთის მოქალაქე ცხოვრობდა. ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ ტერაქტის მოწყობას თავდაპირველად მაგნიტოგორსკის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აპირებდნენ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მედიის ინფორმაციას უარყოფენ. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადგილზე ასაფეთქებლის კვალი ამ ეტაპზე, აღმოჩენილი არ არის. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს.

ბოლო ინფორმაციით, მაგნიტოგორსკში სახლის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით მცხოვრები ნანგრევებში რჩება. მომხდარის გამო, 2 იანვარი მაგნიტოგორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.