მაღაროელების პროტესტი გრძელდება
მაღაროელების პროტესტი გრძელდება

მაღაროელების პროტესტი გრძელდება. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები პარლამენტის შენობის წინ რჩებიან და მოთხოვნების შესრულებას ელოდებიან.

მაღაროელების მოთხოვნებს შორისაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 20 პროცენტით გაზრდა.

შეკრებილების ნაწილი კვლავ შიმშილობას აგრძელებს, ნაწილმა კი რამდენიმე დღის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები და პირი ამოიკერა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მინიმალური მოთხოვნა. ვინმემ არ იფიქროს, რომ სასწაულებს ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ არსებობისთვის საჭირო აუცილებელ თანხას, ხელფასზე დამატებით. ამიტომ ამისთვის უკვე მე-16 დღეა, ჭიათურაში არის აქცია. მეათე დღეა, შიმშილობენ ბიჭები. არც კომპანია და არც მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ ეს პრობლემა მარტივად მოაგვაროს. აქციები გახლავთ უვადო, პირდაპირპროპორციულია იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია და მთავრობა“, –  განაცხადა აქციის მონაწილემ, ტარიელ მიქაცაძემ.

კიდევ ერთი მაღაროელის, არტემ სოფრომაძის თქმით, არაფერს ითხოვენ ისეთს, რაც მიუღებელია.

„ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ რაღაცას, რაც მიუღებელია და ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე ვერ შეძლებს ამ საქმის გაკეთებას, მაგრამ კომპანია ყოველთვის კრიზისშია, არ აქვს ამის საშუალება. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, ვიდრე არ მივაღწევთ დადებით შედეგს“, – აღნიშნა არტემ სოფრომაძემ.

მაღაროელები, უკვე მე-16 დღეა, გაფიცულები არიან.