მადრიდში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ მადრიდში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.
საქართველოს შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალი ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით წარედგინათ, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.
ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული საქმის ინიციატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალური დაჯგუფების და მისი საქმიანობის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს. ქართველ სამართალდამცველებს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვთ და თანამშრომლობენ ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ასევე, ევროპის ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების მუშაობას.
პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულები არიან – ოთარ ბოლქვაძე; მალხაზ ბოლქვაძე; ბექა ბოლქვაძე და ლევან ჯოხაძე. მათგან სამი წარსულში ნასამართლევია.