მადრიდის „რეალს“ ედერ მილიტაო მთელი სეზონის მანძილზე დააკლდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალს“ ედერ მილიტაო მთელი სეზონის მანძილზე დააკლდება #1TVSPORT

„ოსასუნასთან“ შეხვედრის დროს მადრიდის „რეალის“ სამმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მათ მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწიათ.

როგორც ირკვევა, ყველაზე მძიმე ედერ მილიტაოს დაზიანებაა. ბრაზილიელმა მცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ფეხბურთის თამაშს, მინიმუმ, ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია. მსგავსი ტიპის ტრავმა მილიტაოსთვის კარიერაში მეორეა.

საყურადღებოა როდრიგოს მდგომარეობაც. თავდამსხმელი მოედანზე დაბრუნებას დეკემბრის ბოლომდე ვერ მოახერხებს. რაც შეეხება ლუკას ვასკესს, მისი დაზიანება შედარებით მსუბუქია და ვარჯიშს სამ კვირაში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო მადრიდის „რეალს“ ცოტა ხნის წინ დანიელ კარვახალიც გამოაკლდა.

ტრავმების მიუხედავად, „რეალმა“ „ოსასუნა“ 4:0 დაამარცხა. „სამეფო კლუბი“ ესპანეთის ჩემპიონატში 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ექვსი ქულით ჩამორჩება.