მადრიდის „მასტერსის“ ტრიუმფატორი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მან ფინალში საათსა და 32 წუთში 6:3, 6:4 მოუგო ბერძენ სტეფანოს ციციპასს.
ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრებში ციციპასს დადებითი ბალანსი ჰქონდა – 2:0, მაგრამ სერბმა ფინალში დამაჯერებელი რევანში აიღო. საათნახევრის განმავლობაში ჯოკოვიჩმა ერთი ბრეიკპოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს. თავად ნოვაკმა კი თითო სეტში თითო ბრეიკის აღება მოახერხა.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 74-ე ტიტული მოიგო, „მასტერსის“ სერიაში კი 33-ე ტურნირი მოიგო, რითაც რეკორდსმენ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. სერბისთვის ეს იყო მესამე ტრიუმფი ესპანეთის დედაქალაქში. აქ მას სამიდან სამი ფინალი აქვს აღებული.