მადლიერების ნიშნად ტაში ექიმებს რეგიონებშიც დაუკრეს
მადლიერების ნიშნად ტაში ექიმებს რეგიონებშიც დაუკრეს

ზუსტად 21:00 საათზე მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს. აქციას შეუერთდნენ საქართველოს რეგიონებშიც.

ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ფოთშიც აივნებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები, რომლებიც ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

„ეს აქცია არის აპოლიტიკური, ეროვნული სოლიდარობის, რომელიც ემსახურება ჩვენი ექიმების გამხნევებას. ისინი ნამდვილად დაუღალავად შრომობენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისათვის, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მათი შრომა არის ნამდვილად თავდაუზოგავი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზაალ კვინჩიამ.

აქციას შეუერთდნენ თელავშიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ დაუკრეს მადლიერების ტაში თელავის რეფერალური საავადმყოფოს წინ მდებარე აფთიაქის თანამშრომლებმა.

ასევე, ვრცელდება კადრები ზუგდიდიდან, სადაც ზუგდიდის რეფერალურმა ჰოსპიტალმა მხარდაჭერა გამოუცხადა მადლიერების აქციას ექიმების მიმართ.

მადლობის ტაში ისმოდა ბათუმშიც.