მაჟორიტარული ოლქების საზღვრების საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გაიმართება
მაჟორიტარული ოლქების საზღვრების საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გაიმართება

მაჟორიტარული ოლქების საზღვრების საკითხზე, ასევე ბლოკებთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გაიმართება.

ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბლოკის თემასთან დაკავშირებით. გვაქვს საკუთარი არგუმენტები, დაველოდებით არგუმენტებს ოპოზიციის მხრიდან და ამის საფუძველზე შევაჯერებთ პოზიციებს. რაც შეეხება საზღვრების გადანაწილებას, სასურველია, ეს საზღვრები უკვე აისახოს იმ პროექტში, რომელიც იქნება ოთხშაბათამდე ან ოთხშაბათს ინიცირებული. შესაბამისად, ჩვენ ალბათ ხვალინდელ დღეს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავსხდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად და განვსაზღვროთ ოლქების საზღვრები. ეს არის არსებითად ტექნიკური საკითხი. დიდი ლავირების საშუალებას არ ტოვებს ის პრინციპი, რომელზეც შევჯერდით, ანუ საუბარია ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვით, უნდა იყოს დაცული თანაბრობის პრინციპი. თანაბრობის პრინციპი იქნება დაცული. 30 ოლქზე უნდა გადანაწილდეს, განისაზღვროს საზღვრები. თბილისს უწევს 7-8 მანდატი იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება ზუსტად საზღვრები. რამდენიმე ქალაქს უწევს თითო მანდატი – ეს არის ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. სხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ვერსია შეიძლება არსებობდეს საზღვრების გადანაწილების, თუმცა ლავირების საშუალება მაინცდამაინც დიდი არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ერთი რეგიონი უნდა იყოს ალბათ ერთი საარჩევნო ოლქი. მაგალითად, მთელი გურია იქნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. სხვა შემთხვევაში, ორ ნაწილად, სამ ნაწილად, ოთხ ნაწილად შეიძლება გაიყოს რეგიონები. ეს არის ტექნიკური მხარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, გადაუნაწილებელი მანდატები პრაქტიკულად არ რჩება.

„შეიძლება იყოს ერთი ან ორი მანდატი და ეს მანდატები განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებსაც ექნებათ უდიდესი ნაშთი. ეს არის პრინციპი, რომელიც შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ წინა განხილვის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილზე შეთანხმებას, კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მაგალითად, გიორგი ვაშაძემ, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრის შემდეგ იცრუა.

„ის, რაც მოხდა შეხვედრაზე, არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, და საბედნიეროდ ყველა არ არის ასეთი, ტყუილს ამბობენ საზოგადოების წინაშე. თქვენ მოისმინეთ კონკრეტული კომენტარი, მაგალითად, გიორგი ვაშაძის, ეს ადამიანი მანამდეც შეიმჩნეოდა ტყუილებში, და ახლაც მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე იყო საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.