მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ ცალმხრივად, ნუცუბიძის ფერდობიდან (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან) ვაშლიჯვრის მიმართულებით. ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის მიმართულებით კი მოძრაობა დაშვებულია „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება დაშვებულია გოძიაშვილის ქუჩიდან მარშალ გელოვანის გამზირის, ი. გაგარინისა და ი. ბერიტაშვილის ქუჩების გავლით.

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

სამუშაოების ფარგლებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს, ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.