მაჭახელას ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს
მაჭახელას ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს

მაჭახელას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

სტუდენტებმა და ხეობაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დღეს მაჭახელას თოფის მონუმენტთან აქცია-პერფომანსი მოაწყვეს, ასფალტი წითლად შეღებეს წარწერით – „არა ჰესებს“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა, ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, თუმცა ადგილობრივებმა სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცეს. ისინი მშენებლობის დაწყებამდე მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ჰესი ხეობას და დაცულ ტერიტორიებს გამოუსწორებელ ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს.

„უკვე მერვე აქციას ვმართავთ და ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ აქამდე კომუნიკაცია არ შედგა არც მშენებელთან და არც ხელისუფლებასთან, არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ კი, აქ ჰესის მშენებლობას არ დავუშვებთ, მოვუწოდებთ მთავრობას, გააუქმოს მემორანდუმი“, – განუცხადა პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, უშანგი ნაგერვაძე,.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ჰესის მშენებლობა დაიწყება, პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართავენ.