ლუხუმ ჩხვიმიანი: გვინდა, ხალხი გავახაროთ, თუმცა ჯერ ისევ გაურკვევლობაა
ლუხუმ ჩხვიმიანი: გვინდა, ხალხი გავახაროთ, თუმცა ჯერ ისევ გაურკვევლობაა

ძიუდოში უახლოესი საერთაშორისო შეჯიბრებების კალენდარი ცნობილია – ოქტომბერსა და დეკემბერში ბუდაპეშტისა და ტოკიოს მასტერსები დაიგეგმა, ხოლო ნოემბერში – ევროპის ჩემპიონატი. მაგრამ კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ უცნობია, ეს ტურნირები აუცილებალდ გაიმართება თუ არა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის წევრები არ მალავენ, რომ ხანგრძლივი პაუზის გამო ფორმა დაკარგეს და ფაქტობრივად, ყველაფრის ნულიდან დაწყება უწევთ. ფორმის აღსადგენად კი შეჯიბრებებში მონაწილეობა აუცილებელია.

„გუნდი ივლისში შევკრიბეთ და გვსურს, ფორმაში შევიდეთ, რომ მოახლოებული ტურნირებისთვის მზად ვიყოთ. მაგრამ ჯერ იმის თქმაც არ შეგვიძლია, ეს ტურნირები ჩატარდება თუ არა,“ – ამბობს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი ამბაკო ავალიანი.

ლუხუმ ჩხვიმიანი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი:

„პანდემია მაშინ დაიწყო, როდესაც ოლიმპიადისთვის ვემზადებოდით და კარგ ფორმაში ვიყავით. მაგრამ მერე დაიწყო პაუზა და დიდი ხანი გავჩერდით. ტურნირებში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლა მზადების დაწყება, ფაქტობრივად, ნულიდან გვიწევს. ჯერ ზუსტად არც ვიცით, მასტერსები და ევროპის ჩემპიონატი გაიმართება თუ არა. არადა, სპორტული ცხოვრება, ვარჯიში და ტურნირებში მონაწილეობა გვინდა, წარმატებას რომ მივაღწიოთ და ხალხი გავახაროთ, თუმცა ჯერ ისევ გაურკვევლობაა“.