ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა, ჩინეთის ლიდერმა ბელარუსი „რკინის მეგობრად“ მოიხსენია

10:09, 30.06.2026
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა პეკინში, დიაოიუტაის სახელმწიფო რეზიდენციაში. 2026 წლის 29 ივლისი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა პეკინში, დიაოიუტაის სახელმწიფო რეზიდენციაში. 2026 წლის 29 ივლისი

მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო 29 ივნისს პეკინში ჩავიდა, სადაც იგი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ამ უკანასკნელის განცხადებით, ბელარუს-ჩინეთის ურთიერთობები „ისტორიულ პიკზეა“. ჩინეთის ლიდერის თქმით, ეს ქვეყნები „რკინის მეგობრები“ არიან.

 

ჩინეთის დედაქალაქში ბელარუსის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს პეკინსა და მინსკს შორის არსებული ურთიერთობების სი ძინპინისეულ „პოზიტიურ შეფასებას“.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდით და, შესაძლოა, გარკვეულწილად, ვოცნებობდით კიდეც, ვიდრე ბელარუსსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ასეთი მასშტაბური თანამშრომლობა დაიწყებოდა,“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან განსაკუთრებით გამოყო ბელარუსში არსებული ინდუსტრიული პარკი „გრეით სტოუნი“, სადაც ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ჩინურ კომპანიებზე მოდის, ასევე ხაზი გაუსვა ბელარუსის მრეწველობაში ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებას.

ბელარუსის ლიდერი საერთაშორისო დღის წესრიგსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სი ძინპინს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას „რეგიონში არსებული სიტუაციის“ შესახებ.

„ჩვენ მუდმივად ვცვლით მოსაზრებებს საერთაშორისო დღის წესრიგსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მე თქვენ ამის შესახებ მუდმივად გაყენებთ საქმის კურსში. ვფიქრობ, ეს კონტაქტები მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ“, – დასძინა მან.

სიმ, თავის მხრივ, ჰკითხა ლუკაშენკოს, ჩაფრინდა თუ არა ის პეკინში პირდაპირ მინსკიდან, რაზედაც ლუკაშენკომ უპასუხა, რომ ჩინეთში ის მოსკოვის ოლქიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოვიდა.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მოხარულია კიდევ ერთხელ უმასპინძლოს თავის ბელარუს კოლეგას და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები „დროულ და ყოვლისმომცველ დიალოგს საკითხების ფართო სპექტრზე“ რეგულარულად მართავენ. მან ასევე თქვა, რომ მინსკი და პეკინი აგრძელებენ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ განვითარებას.

„ჩინეთი და ბელარუსი ერთგული მეგობრები არიან. ჩვენმა ურთიერთობებმა საერთაშორისო ტურბულენტობით გამოწვეულ ყველა გამოცდას გაუძლო, ჩვენი მეგობრობა მხოლოდ მტკიცდება. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მრავალმხრივია, მან დროს კარგად აუწყო ფეხი და ახალი შედეგები მუდმივად მოაქვს. ბელარუსულ-ჩინური ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა“, – განაცხადა სიმ.

27 ივნისს ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვია, სადაც ვლადიმერ პუტინს ნოვგოროდის ოლქში, ვალდაიში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ რეზიდენციაში შეხვდა. ბელარუსის ლიდერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მათ განიხილეს სხვადასხვა სექტორში ბელარუს-რუსეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმდინარეობა, ასევე „საერთაშორისო საქმეები და რეგიონში არსებული ვითარება“.

შეხვედრის შემდეგ კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები, შესაძლოა, მინსკში გაიმართოს.

 

 

სტატიის ავტორი: დიმიტრო მიხაილოვი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)  

ფოტოს ავტორები: ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური და საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

 თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 ივნისი 2026, 15:10 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი