ლუკაშენკო დასავლეთს - ნუ აფინანსებთ ბელარუსის ოპოზიციას, ისინი ავტომობილებს ყიდულობენ და სასახლეებს აშენებენ
შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ან ლინდესა და პეკე ჰაავისტოსთან შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის ოპოზიციას ლიეტუვისა და პოლონეთის გავლით აშშ-ი და გერმანია აფინანსებენ.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ან ლინდესა და პეკე ჰაავისტოს განუმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ოპოზიციონერები პარლამენტში არჩევნების შედეგად.
„მათ იკითხეს, რატომ არ არიან პროდასავლელი ოპოზიციონერები? ადრე სამი ადამიანი იყო, ახლა არც ერთი. მიზეზი ჩემში არ არის. თუ ხალხი მხარს არ უჭერს, მე რა შემიძლია გავაკეთო? მე გეუბნებით, ნუ აფინანსებთ მათ. ბევრი ფული შემოდის, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ. რასაც ვერ ვხედავთ, იმას რუსები გვეტყვიან. ისინი კარგად ცხოვრობენ. რად უნდათ მათ ეს ძალაუფლება, თავის ტკივილი?“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.