„რომას“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც იტალიურ კლუბს „ჩელსიდან“ იჯარით ჰყავს აყვანილი, შესაძლოა, „ნაპოლიში“ შეცვალოს ვიქტორ ოსიმენი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მომავალი სეზონიდან ნეაპოლურ კლუბს სათავეში ჩაუდგება ანტონიო კონტე, – წერს სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
ერთი დღით ადრე იტალიურ პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ 54 წლის კონტე თანახმაა ხელფასის შემცირებაზე იმის სანაცვლოდ, რომ „ნაპოლიში“ სამუშაო მიიღოს.
წყაროს ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ ლუკაკუ იმ კლუბში მივიდეს, სადაც პოტენციურად კონტე იქნება მთავარი მწვრთნელი, რადგან ბელგიელსა და იტალიელს თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ჯერ კიდევ „ინტერში“ თანამშრომლობის პერიოდიდან. გარდა ამისა, „ჩელსი“ არ აპირებს 31 წლის ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთებას.
ლუკაკუს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ფორვარდმა „რომას“ რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.