ლუკა ტონი „ინტერი საქართველოს“ აკადემიის ფეხბურთელებს შეხვდა - თქვენს ასაკში მეც დიდი ოცნებები მქონდა #1TVSPORT
თბილისში იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ტონი იმყოფება, რომელიც იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა, გამოცდილება გაუზიარა და წარმატებები უსურვა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი თბილისში საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებთან, შოთა არველაძესთან, ლევან მჭედლიძესა და ჯანო ანანიძესთან ერთად პადელის ტურნირზე ითამაშებს. ტურნირის მხარდამჭერი საქართველოში იტალიის საელჩოა.
„მიხარია, „ინტერის“ აკადემიაში რომ ვიმყოფები და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შევხდი. მათ ასაკში მეც დიდი ოცნებები მქონდა. მინდა, ისინი გავამხნევო, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები არიან, შესაძლოა, მომავალში ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშონ“, – განაცხადა ლუკა ტონიმ.
ლუკა ტონისთან ერთად „ინტერი საქართველოს“ აკადემიაში შოთა არველაძე იმყოფებოდა, რომელმაც ფეხბურთელებს მიმართა: „ლუკა ტონი იტალიის მაღალმთიან სოფელში გაიზარდა და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. მისი მაგალითი ბავშვებისთვის სტიმული უნდა გახდეს, რომ რაც შეიძლება მეტის მიღწევაზე იფიქრონ, თუნდაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელ წარმატებაზეც კი“.