მიუნხენის „ბაიერნისა“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე ლუკა პარკაძე იჯარით გერმანიის რეგიონული ლიგის „ალტგლიენიკში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლუკა პარკაძე „ალტგლიენიკმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ იჯარით დაიმატა. ის იაკობ მაიერისა და რობერტ დესილ-უმცროსის შემდეგ მიუნხენელების კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელიც ჩვენთან ითამაშებს.
19 წლის ნახევარმცველი „რეკორდმაისტერში“ გადასვლამდე საქართველოში ვარჯიშობდა. მოხარული ვართ და მივესალმებით „ბაიერნის“ კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მიუნხენელებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მოგესალმებით, ლუკა, გისურვებთ დიდ წარმატებებს!“ – განაცხადა „ალტგლიენიკის“ სპორტულმა დირექტორმა, ტორსტენ მატუშკამ.
ქართველი ნახევარმცველის ახალი გუნდის ბაზა ბერლინშია. „ალტგლიენიკი“ გერმანიის რეგიონულ ლიგაში (რანგით მე-4 ლიგა) თამაშობს, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი იენის „კარლ ცაისი“ და ოდესღაც აღმოსავლეთ გერმანიის გრანდი, ბერლინის „დინამო“ გამოდიან.
Sky Sport-ის გერმანული ვერსიის ცნობით, 2023 წელს მიუნხენელებმა ახალგაზრდა მოთამაშეში „დინამო თბილისს“ 240 ათასი ევრო გადაუხადეს და იჯარით ავსტრიის მეორე ლიგის „ადმირა ვაკერში“ გაუშვეს, მაგრამ ტრავმების გამო იქ თითქმის არ უთამაშია.
პარკაძეს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.