ლუკა ლოჩოშვილი - გიორგი ლორია ნაკრებიდან ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა და მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა ფარერის კუნძულების ნაკრებთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ მის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთით 1:0 მოიგეს – 25 წლის მცველმა ასევე ისაუბრა გიორგი ლორიაზე, რომელმაც ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა.
„ეს ჩემთვის ნაკრების შემადგენლობაში „დინამო არენაზე“ გატანილი პირველი გოლი იყო. რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის სახელით გატანილი გოლი სასიამოვნოა. მით უფრო ბედნიერი ვარ, რომ ამ გოლით მოვიგეთ შეხვედრა, რომლის შემდეგაც გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მნიშვნელოვანი იყო, რომ გიორგი ნაკრებიდან ღირსეულად გაგვეცილებინა და ძალიან მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე.
ლორიას წასვლა ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს. ის ძალიან დიდი ფიგურაა, სამაგალითო ადამიანია, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის. ეროვნულ გუნდში ახალწვეული რომ ვიყავი, მისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, წარმატებები ვუსურვო.
საბა ხარებაშვილი ამ შეკრებაზე გავიცანი – ძალიან კარგი ბიჭია, მას დიდი მომავალი აქვს. მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. საერთოდ, ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან, რაც ნაკრებში კონკურენციას ზრდის – ეს კი გუნდისთვის აუცილებელი პროცესია.
გულშემატკივრების მადლობლები ვართ – მიუხედავად იმისა, რომ სახელოვან ნაკრებთან არ გვითამაშია, გვერდში დაგვიდგნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალიან დასაფასებელია. ნაკრების ფეხბურთელებს გვსურს, რომ ამ თანადგომისთვის ქომაგებს მადლობა კარგი თამაშით და შედეგით გადავუხადოთ და გავახაროთ“.