ლუკა ხარატიშვილმა ოპერაცია გაიკეთა – ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მინდორს მალე დავუბრუნდე #1TVSPORT
ლუკა ხარატიშვილი „პარდუბიცეს“ ბოლო დროს ვერ ეხმარებოდა. მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა, – ამის შესახებ ქართველმა მეკარემ ჩეხური კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.
„ავსტრიულ შეკრებაზე, პირველივე ვარჯიშზე უხერხულად დავეცი და იდაყვი დავიზიანე. ამის შემდეგ ჩეხეთში დავბრუნდი და ოპერაცია გავიკეთე. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და სარეაბილიტაციო კურსი დავიწყე.
ახლა ყველაფერი კარგადაა და ყოველდღიურად უკეთესობას ვგრძნობ. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მინდორს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე. გულშემატკივარს კი ვეტყვი, რომ დავბრუნდები იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე ვიყავი. ერთმანეთს მალე შევხვდებით“, – განაცხადა ხარატიშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში.
ხარატიშვილის შესახებ კომენტარი „პარდუბიცეს“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, მარეკ მანდელბაუმმაც გააკეთა: „ლუკას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ტრავმის შემდგომი პერიოდი ეფექტურად გამოვიყენეთ. ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს“.