ლუკა ხარატიშვილმა ჩეხეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - „პარდუბიცე“ მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ლუკა ხარატიშვილმა ჩეხეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - „პარდუბიცე“ მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

ლუკა ხარატიშვილმა „პარდუბიცეში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი ჩეხეთის თასზე „ფრიდეკ-მისტეკს“ ესტუმრა და დამატებულ დროში 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე, 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც „პარდუბიცემ“ გასვლაზე ჩაატარა, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 120 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„1:1-ზე მასპინძლებმა თითქოს ენერგია დაიბრუნეს და რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. თუმცა, მეკარე ხარატიშვილმა, რომელიც გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა, მეტოქის ყველა მცდელობა შეაჩერა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

მატჩის ბოლო რეალური საგოლე შანსი მასპინძლებს ჰქონდათ. „ფრიდეკ-მისტეკის“ ფეხბურთელებმა სტანდარტული სახიფათოდ გაითამაშეს, კარში ობუხმა დაარტყა, მაგრამ ლუკა ხარატიშვილმა ბურთი ფანტასტიკურ ნახტომში მოიგერია და „პარდუბიცე“ თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა“, – ეს სიტყვები „პარდუბიცეს“ ოფიციალურ გვერდზე წერია.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ხარატიშვილი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ევრო 2025-ზე, რომელიც სლოვაკეთში გაიმართა. 21 წლის ქართველი BBC-მ ჩემპიონატის ხუთ აღმოჩენას შორის დაასახელა. ხარატიშვილი ბათუმის „დინამოდან“ ჩეხურ კლუბში სწორედ ევრო 2025-ის შემდეგ გადავიდა.