ლუკა ხარატიშვილი - „სამტრედიის“ მიზანი ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე დარჩენაა #1TVSPORT
ლუკა ხარატიშვილი - „სამტრედიის“ მიზანი ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე დარჩენაა #1TVSPORT

„სამტრედიისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წარმატებულ სერიას გააგრძელებს.

„სამტრედიამ“ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, ბოლო ტურში კი უშუალო მეტოქე, „გაგრა“ 3:1 დაამარცხა და სამი ქულით უკან ჩამოიტოვა. ამ წარმატებაში ახალგაზრდა მეკარემ (რომელიც ბათუმის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა) თავისი კარგი თამაშით დიდი როლი ითამაშა.

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც სასიხარულოა. „გაგრა“ ჩვენი კონკურენტია და ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. საერთოდ, მოსამზადებელი ეტაპიდან მოყოლებული, ფეხბურთელებმა ვითარების გამოსასწორებლად და შედეგის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ.

ჩვენი მიზანია, ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის თამაშების გარეშე დავრჩეთ, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ. სასიხარულოა, რომ წარმატებული სერია გვაქვს და იმედია, ასეც გავაგრძელებთ.

მესამე წრის ბოლო შეხვედრა 28 სექტემბერს ზესტაფონში, წყალტუბოს „სამგურალთან“ გვაქვს. ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ გვაქვს დრო, რომ მოწინააღმდეგე შევისწავლოთ, სათანადოდ მოვემზადოდ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – ამბობს ლუკა ხარატიშვილი.