ლუკა ხარატიშვილი - მინდა, რომ „პარდუბიცეში“ ვითამაშო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა ჩეხეთის „პარდუბიცეში“ გადასვლაზე ისაუბრა, სადაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჩაირიცხა.
ქართველი მეკარე ჩეხურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, მაგრამ კონტრაქტი ტრანსფერის გამოსყიდვისა და სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების პუნქტსაც ითავლისწინებს.
„მინდა, რომ „პარდუბიცეში“ ვითამაშო და გუნდს წარმატება მოვუტანო. მჯერა, რომ ერთად ბევრს მივაღწევთ. მოუთმენლად ველი უცხოურ კლუბში ჩემს პირველ თამაშს. გახარებული ვარ აქ ჩამოსვლით. ამავე დროს კლუბისა და მისი გულშემატკივრების წინაშე დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე საუკეთსო თვისებები გამოვავლინო“, – ამბობს 22 წლის ქართველი მეკარე.
„ლუკა ხარატიშვილი „პარდუბიცეში“ ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ის ძალიან ნიჭიერი მეკარეა. მან განსაკუთრებით თავი 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა, სადაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთლია გუნდისთვის. მჯერა, რომ მას ჩვენს გუნდში დიდი მომავალი ექნება“, – აცხადებს „პარდუბიცეს“ სპორტული დირექტორი ვიტ ზავრელი.
აღსანიშნავია, რომ BBC-მ ლუკა ხარატიშვილი სლოვაკეთში გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელთა ხუთეულში დაასახელა.