ლუკა ერნანდესი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ლუკა ერნანდესი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი მცველი ლუკა ერნანდესი კარიერას „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში გააგრძელებს. ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

კლუბებს შორის საფრანგეთის ნაკრების წევრის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერნანდესის ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მომდევნო დღეებში მიიღებს.

ფრანგული ფეხბურთის გრანდი ლუკა ერნანდესის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის და ის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ნაპოლიდან“ სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჯე შეიძინა, რომელიც გუნდის მწვრთნელის, ტომას ტუხელის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო. შესაბამისად, ერნანდესი ტუხელის გეგმებში აღარ შედიოდა.

ლუკა ერნანდესი ბავარიული გუნდის წევრი 2019 წელს გახდა. ოთხი წლის მანძილზე მან „ბაიერნის“ რიგებში ყველა ტურნირზე 107 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. იგი ოთხჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული, ხოლო 2020 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.