ლუკა ჩხეტიას მამა აცხადებს, რომ შვილის უკრაინიდან ჩამოსვლის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა
ლუკა ჩხეტიას მამა აცხადებს, რომ შვილის უკრაინიდან ჩამოსვლის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა

თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ლუკა ჩხეტიას მამა, სერიოჟა ჩხეტია აცხადებს, რომ შვილის უკრაინიდან ჩამოსვლის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა.

როგორც დაკავებულის მამამ თბილისის მთავარ სამმართველოსთან პირველ არხს განუცხადა, შვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, გამომძიებლისგან შეიტყვეს.

„ლუკას ჩამოსვლის შესახებ არ ვიცოდი, გავიგე გუშინ, დილით. ჩემს გოგოს დაურეკა გამომძიებელმა. ასე უთქვამს, ლუკა ჩხეტია დაკავებული არის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისო.

არ ვიცოდი ლუკა რომ ჩამოვიდა. ორი წელია ლუკა უკრაინაში იმყოფება. როგორც დღეს მითხრეს, სიურპრიზს გვიკეთებდა, თავის მეგობრებთან ერთად უნდოდა სახლში ჩამოსვლა იმ დღეს, როცა დააკავეს“,- განაცხადა სერიოჟა ჩხეტიამ.

ამასთან, კითხვაზე, აპირებდა თუ არა ლუკა ჩხეტია გუშინ, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისვლას, დაკავებულის მამა პასუხობს: „შესაძლებელია. ლუკა ადრე იყო „ნაციონალებთან“ დაკავშირებული პიროვნება. მერე, რაც ომი დაიწყო, უკრაინაში წავიდა და იქ იბრძოდა“,- განაცხადა სერიოჟა ჩხეტიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.