ლუკ კოფი - საქართველოს მცდელობამ შეიძლება, ვერ მოიტანოს ვითარების რადიკალური ცვლილება მთიან ყარაბაღში, მაგრამ თბილისი მაინც იმსახურებს აშშ-ისგან შექებას ლიდერის როლის საკუთარ თავზე აღებისთვის
ლუკ კოფი - საქართველოს მცდელობამ შეიძლება, ვერ მოიტანოს ვითარების რადიკალური ცვლილება მთიან ყარაბაღში, მაგრამ თბილისი მაინც იმსახურებს აშშ-ისგან შექებას ლიდერის როლის საკუთარ თავზე აღებისთვის

საქართველოს დამაბალანსებელი მოქმედება სამხრეთ კავკასიაში, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯი ფუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა. ახლანდელი კონფრონტაცია, ივლისში მომხდარი დაპირისპირებისგან განსხვავებით, მთლიან ფრონტის ხაზს მოიცავს. 2 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საფრანგეთმა, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება დაპირისპირების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების მოწოდებით. 9 ოქტომბერს, მოსკოვში მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა მხარეებმა თითქმის უმალ დასდეს ერთმანეთს ბრალი ამ შეთანხმების პირობების დარღვევაში.

ლუკ კოფი წერს, რომ საქართველო სწორედ ახლანდელი „ქარიშხლის“ ეპიცენტრში მდებარეობს. რუკაზე თვალის შევლებაც საკმარისია, დავინახოთ საქართველოს პოზიციის სირთულე. საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ანუ კონფლიქტში ჩართულ ყველა ქვეყანას. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ირანს – კიდევ ერთ რეგიონულ ძალას, რომელიც ისტორიულად, „სცენის მიღმა“ ასრულებს გარკვეულ როლს მთიან ყარაბაღში, თეირანის აქტიურობა ყოველთვის იგრძნობა სამხრეთ კავკასიაში.

კოფი საუბრობს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 3 ოქტომბრის განცხადებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.

„მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან და თბილისს სურს ამ მოცემულობის შენარჩუნება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია საქართველოს მზადყოფნა, გამოვიდეს შუამდგომლის როლში ამ კონფლიქტში. 1994 წელს ეუთომ, მთიანი ყარაბაღის ომის საბოლოოდ დასრულების მიზნით, ჩამოაყალიბა მინსკის ჯგუფი, თუმცა ამ წლების განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იყო მიღწეული. მართალია, საქართველო ერთპიროვნულად, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე შეთანხმების უზრუნველყოფას, მაგრამ მას შეუძლია „ფარდის მიღმა“ თავისი გავლენის გამოყენება და მხარეთა, სულ მცირე, მოლაპარაკებებზე დაყოლიება. საქართველოს მცდელობამ შეიძლება, ვერ მოიტანოს სიტუაციის რადიკალური ცვლილება, მაგრამ თბილისი მაინც იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან შექებას ლიდერის როლის საკუთარ თავზე აღებისთვის. საქართველომ ასევე განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ნებართვების გაცემას თავის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარებაზე, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართულებით, რაც სრულიად გასაგები გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა გარე მხარეებისკენ ასე აქტიურად იშვერენ ხელს და ადანაშაულებენ მათ, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის შეიარაღებაში. საქართველოს ინტერესებში სულაც არ შედის „შუაში მოყოლა“. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ, როგორც ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი ნებისმიერი როლის მიმართ, რომელსაც თბილისი შეასრულებს მედიატორის სტატუსით“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორის აზრით, არსებობს რიგი მნიშვნელოვანი შიდა მიზეზები, რომლებიც განაპირობებს საქართველოს გადაწყვეტილებებს მთიან ყარაბაღთან მიმართებაში.

„ოქტომბრის ბოლოს დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, ხოლო რუსეთი გამოიყენებს ნებისმიერ საკითხს, რათა კიდევ უფრო მეტი განხეთქილება შეიტანოს ქართულ საზოგადოებაში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთი აქცენტს გააკეთებს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ და სომეხ უმცირესობებზე. მართალია, რაოდენობრივად ისინი მცირერიცხოვანნი არიან, მაგრამ მათი მნიშვნელობა აუცილებლადაა გასათვალისწინებელი… მოსკოვს აქვს ეთნიკური განხეთქილებებისა და დაძაბულობის გამოყენების გამოცდილება სამხრეთ კავკასიაში პრორუსული პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება რეგიონში ამერიკისა და ნატო-ს მიზნებს. ყოველივე ეს ქართველებმა ყველაზე უკეთ იციან. მაშინ, როცა სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს მასშტაბური კონფლიქტი და საპარლამენტო არჩევნები სულ რამდენიმე კვირაში უნდა ჩატარდეს, რუსეთი გამოიყენებს ამჟამინდელ სიტუაციას საქართველოში თავის სასარგებლოდ.

ისეთ რთულ რეგიონში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, საქართველოსთვის სწორია სულ მცირე, საჯაროდ მაინც, შეასრულოს დამაბალანსებელი ქმედება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით. ჯერ გაურკვეველია, რამდენ ხანს შეძლებს საქართველო ნეიტრალიტეტის პოზიციის შენარჩუნებას. პასუხი ამ კითხვაზე, დიდი ალბათობით, დამოკიდებულია ორ რამეზე: რამდენ ხანს გასტანს კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და რამდენად აგრესიულად ჩაერთვება მასში რუსეთი.

ჯამში, საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ცხინვალის, აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები სამხრეთ კავკასიაში ერთად შეადგენს 15 000 კვადრატულ მილს. მართალია, ზუსტი რიცხვების დაანგარიშება შეუძლებელია, მაგრამ ეს გაყინული კონფლიქტები რეგიონს ყოველწლიურად ალბათ მილიარდობით დოლარი უჯდება ეკონომიკური საქმიანობისა და უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ლუკ კოფი აღნიშნავს, ის, რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორც წესი, გამოძახილს ჰპოვებს რეგიონის საზღვრებს გარეთ და რადგან სამხრეთ კავკასია ესოდენ მნიშვნელოვანია ტრანზიტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მხრივ, გეოპოლიტიკურ შოკებს რეგიონში ხშირად აქვს მეორე და მესამე დონის ეფექტი ფართო რეგიონში.

„სწორედ ამიტომ ასრულებს საქართველო თავის როლს, რაოდენ მცირეც უნდა იყოს ის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას“, – წერს ლუკ კოფი.

დატოვე კომენტარი