ლუის ჰემილტონს „ფერარი“ იწვევს და სეზონში 40 მილიონ ევროს სთავაზობს #1TVSPORT
ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიური „ფერარი“ „მერსედესის“ პილოტს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ლუის ჰემილტონს საკუთარ რიგებში იწვევს და სეზონში ანაზღაურების სახით 40 მილიონ ევროს სთავაზობს.
ჰემილტონის მოქმედი კონტრაქტი „მერსედესთან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს სრულდება და ჯერ მხარეებს აქტიური მოლაპარაკება ახალი ხელშეკრულების შესახებ არ დაუწყიათ. პარალელურად, „ფერარიში“ ესპანელი პილოტის, კარლოს საინსის ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოები არიან და მასთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე ფიქრობენ.
გავრცელებული ცნობით, ბრიტანელს ასევე არ მოსწონს ის ფაქტი, რომ „მერსედესი“ ფორმულა 1-ის ახალ რეგლამენტს ვერ მოერგო და ლიდერებთან კონკურენცია, უკვე მეორე სეზონია, ძალიან უჭირს. ეს მისი პოტენციური ტრანსფერის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
ლუის ჰემილტონის „ფერარიში“ გადასვლის შემთხვევაში ფორმულა 1-ის იტალიურ გრანდს პილოტების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყვილი ეყოლება, რადგან შარლ ლეკლერი მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი და ამ სპორტის გამორჩეული სახეა.
მიმდინარე სეზონში ლუის ჰემილტონს 56 ქულა აქვს და ინდივიდუალურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება „ფერარის“, იტალიური გუნდი 78 ქულით კონსტრუქტორთა დავაში ასევე მეოთხე ადგილზეა.