ლუის ჰემილტონმა ყატარის გრანპრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერთან ჩამორჩენა რვა ქულამდე შეამცირა [ვიდეო] #1TVSPORT
„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა ისტორიაში პირველი ყატარის გრანპრი მოიგო. მან უკან ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი მაქს ფერსტაპენი და შეამცირა მასთან სხვაობა საერთო ჩათვლაში. მესამე იყო ესპანელი ვეტერანი ფერნანდო ალონსო, რომელმაც კარიერაში 98-ე და 2014 წლის შემდეგ პირველი პოდიუმი მოიპოვა.
სტარტი და პირველი წრეები სავსე იყო მოვლენებით. თავიდან პირველ სამეულში არაფერი შეცვლილა: ჰემილტონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოუგო სტარტი პიერ გასლის, ალონსო კი მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ მალე გაუსწრო ფრანგს. თავის მხრივ, ფერსტაპენმა, რომელიც ჯარიმის გამო იძულებული იყო მეშვიდე პოზიციიდან აეღო სტარტი, პირველი მოსახვევისთვის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მეხუთე წრეზე ნიდერლანდელმა გასლის გაუსწრო, რის შემდეგაც, ალონსოს უკან ჩამოსატოვებლადაც არ დასჭირვებია დიდი დრო. ასე რომ, რბოლის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, ფერსტაპენი მეორე პოზიციაზე იყო ჰემილტონთან ოთხწამიანი ჩამორჩენით.
ლიდერებმა პირველი პიტსტოპი მე-18 წრეზე შეასრულეს – ახალი საბურავებისთვის ჯერ ფერსტაპენი შევიდა ბოქსებში, შემდეგ კი ჰემილტონი. ბრიტანელი ტრასაზე ლიდერად დაბრუნდა – ფერსტაპენთან რვაწამიანი უპირატესობით.
არაფერი შეცვლილა მეორე პიტსპოპის შემდეგაც – ჰემილტონი ისევ ლიდერი გახლდათ, ფერსტაპენი მეორე, სამაგიეროდ, მესამე ადგილზე ალონსო აღმოჩნდა, რომელმაც სერხიო პერესს გაუსწრო. პილოტებმა ასეთი მიმდევრობით დაასრულეს რბოლა. ჰემილტონმა კარიერაში 102-ე და სეზონში მეშვიდე გრანპრი მოიგო და სხვაობა ფერსტაპენთან რვა ქულამდე შეამცირა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლაა დარჩენილი. შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეტში გაიმართება, სადაც პილოტებს ელოდებათ სულ ახალი ტრასა ჯიდაში.