ლუის ჰემილტონმა სინგაპურის გრანპრი მოიგო და ტიტულს მიუახლოვდა
ლუის ჰემილტონმა სინგაპურის გრანპრი მოიგო და ტიტულს მიუახლოვდა

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა – ლუის ჰემილტონმა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სინგაპურის გრანპრიზე და საერთო ჩათვლაში თავის კონკურენტს – „ფერარის“ პილოტ – სებასტიან ფეტელს, კიდევ ათი ქულით გაუსწრო.

ჰემილტონმა სტარტი მოიგო და დისტანციის დიდი ნაწილი დამაჯერებლად ლიდერობდა. პირველი პოზიცია მან მხოლოდ თავისი ერთადერთი პიტსტოპის შესრულებს შემდეგ დათმო, დანარჩენ დროს კი რბოლის მსვლელობას მშვიდად აკონტროლებდა. დისტანციის ბოლო მესამედის დასაწყისში, მას მაქს ფერსტაპენი მიუახლოვდა, რომელიც ტრაფიკს უკეთ გაუმკლავდა, მაგრამ ლუისმა ჰოლანდიელი კომფორტული მანძილით ძალიან მალე ჩამოიტოვა და ფინიშამდე პრობლემა აღარ შექმნია.

საბოლოოდ, ბრიტანელმა უახლოეს მდევარს – 8.9 წამი მოუგო და შედეგად სეზონში მეშვიდე, მარინა-ბეის ტრასაზე კი მეოთხე გაიმარჯვება მოიპოვა. ლუისისთვის ეს ტრიუმფი კარიერაში 69-ეა. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი რბოლით ადრე, ჰემილტონმა საერთო ჩათვლაში უპირატესობა 40 ქულამდე გაზარდა.