მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა დამაჯერებელ სტილში მოიგო საფრანგეთის გრან-პრი – მან მეორედ გაიმარჯვა „პოლ რიკარის“ ტრასაზე, მეექვსედ 2019 წლის სეზონში და 79-ედ კარიერაში.
„მერსედესის“ პილოტმა პოულიდან აიღო სტარტი, შეინარჩუნა ლიდერობა პირველ მოსახვევში და უკონკურენციო იყო მთელი დისტანციის განმავლობაში. ფინიშზე ბრიტანელმა 18 წამი მოუგო თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს.
თავად ბოტასი დიდი ხანი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მეორე ადგილს, მაგრამ ბოლოსკენ, მოულოდნელად, შარლ ლეკლერი წამოეწია, თუმცა „ფერარის“ პილოტს დრო არ ეყო შეტევისთვის და ბოტასმა შეინარჩუნა მეორე ადგილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “მერსედესმა” ამ სეზონში რვა შესაძლებლიდან მეექვსე დუბლი შეასრულა.
მეოთხე ადგილზე გავიდა „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი. მეშვიდე სასტარტო პოზიციიდან მეხუთეზე გადაინაცვლა სებასტიან ფეტელმა. ბოლოსკენ გერმანელს საკმარისი უპირატესობა ჰქონდა უახლოეს მდევარზე, ამიტომაც ბოქსებში შევიდა ახალი საბურავებისთვის და ამის წყალობით, წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა, რითაც დამატებითი ქულა აიღო საერთო ჩათვლაში.
რვა ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს 187 ქულის ლიდერობს ლუის ჰემილტონი. მან 36 ქულამდე გაზარდა ბოტასთან უპირატესობა. 111 ქულით მესამეზეა სებასტიან ფეტელი.
ერთ კვირაში ავსტრიის გრანპრი გაიმართება.