ლუის ჰემილტონმა კარიერის მე-300 რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა, ფერსტაპენმა სეზონში მეშვიდე რბოლა მოიგო #1TVSPORT
საფრანგეთში „პოლ რიკარის“ ტრასაზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-12 ეტაპი გაიმართა და სეზონში მეშვიდე (კარიერეაში 27-ე) გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა, „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა.
პოულის მფლობელი იყო „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი, რომელმაც სტარტზე შეინარჩუნა უპირატესობა, მაგრამ მე-18 წრეზე საკუთარი შეცდომის გამო მანქანა დაამტვრია და ბრძოლას გამოეთიშა.
ლეკლერის გავარდნამ გზა გაუხსნა ფერსტაპენს, რომელმაც კომფორტული გამარჯვება მოიპოვა. შესანიშნავი რბოლა ჰქონდათ „მერსედესის“ პილოტებს. ლუის ჰემილტონმა სტარტზე გაუსწრო „რედ ბულის“ მეორე პილოტს სერხიო პერესს და ბოლომდე შეინარჩუნა მეორე ადგილი, რაც წელს მისთვის საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, ლუისისთვის ეს იყო მე-300 რბოლა კარიერაში და 189-ე პოდიუმი. ჰემილტონის თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა კი მესამე ადგილი დაიკავა.
საფრანგეთის გრანპრის შემდეგ, ფერსტაპენს საერთო ჩათვლაში 233 ქულა აქვს და უკვე 63 ქულით უსწრებს ლეკლერს. მესამეზე 163 ქულით პერესია.
შემდეგი რბოლა ერთ კვირაში უნგრეთში გაიმართება.