ლუის ჰემილტონმა გერმანიის გრანპრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა
ლუის ჰემილტონმა გერმანიის გრანპრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა მე-11 ეტაპი – გერმანიის გრანპრი, რომელიც “მერსედესის” სრული ტრიუმფით აღინიშნა. გერმანულმა საჯინიბომ დუბლი შეასრულა: პირველ ადგილზე ბრიტანელი ლუის ჰემილტონი გავიდა, მეორეზე – ფინელი ვალტერი ბოტასი.

ჰემილტონის პირველი ადგილი დიდი სენსაცია გახდა, რადგან მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მე-14 პოზიციიდან აიღო სტარტი. მისი გამარჯვება შესაძლებელი გახდა იმის ხარჯზე, რომ რბოლის ლიდერმა, “ფერარის” პილოტმა სებასტიან ფეტელმა ერთ-ერთ მოსახვევში შეცდომა დაუშვა, ბარიერს შეეჯახა და ბრძოლას გამოეთიშა. ამის შემდეგ, ჰემილტონს აღარ გასჭირვებია ამ სეზონში მეოთხე რბოლის მოგება.

საერთო ჩათვლაში შეიცვალა ლიდერი – ჰემილტონმა 188 ქულა დააგროვა და 17 ქულით გაუსწრო ფეტელს.
ჩემპიონატი ერთი კვირის შემდეგ, უნგრეთის გრანპრით გაგრძელდება.