ბარსელონაში დასრულდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი – ესპანეთის გრანპრი. განმეორდა იგივე სიტუაცია, რაც წინა ოთხ ეტაპზე იყო – „მერსედესმა“ ზედიზედ მეხუთე დუბლი შეასრულა.
რბოლის გამარჯვებული, პრაქტიკულად, სტარტზე გაირკვა, როცა ლუის ჰემილტონმა გაუსწრო პოულის მფლობელ ვალტერი ბოტასს და ფინიშამდე აღარ დაუკარგავს ლიდერობა. ბოტასი მეორე ადგილზე გავიდა. ეს ბრიტანელის 76-ე გამარჯვება იყო კარიერაში.
რაც შეეხება პოდიუმის მესამე საფეხურს, აქაც ყველაფერი პირველ მეტრებზე გაირკვა – „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა გაუსწრო „ფერარის“ ლიდერს სებასტიან ფეტელს და იტალიური საჯინიბო საპრიზო სამეულის მიღმა დატოვა.
საერთო ჩათვლაში შეიცვალა ლიდერი – წინ გავიდა ლუის ჰემილტონი, რომელიც ბოტასს შვიდ ქულას უგებს.
მესამე ადგილზე გადავიდა ფერსტაპენი, მეოთხეზეა ფეტელი და მეხუთეზე შარლ ლეკლერი. ეს სამეული „მერსედესის“ დუეტთან” უკვე 40 ქულაზე მეტს აგებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი 26 მაისს გაიმართება. ეს იქნება ლეგენდარული მონაკოს გრანპრი.