„მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი, რომელსაც ამ წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი გერმანულ გუნდთან, განიხილავს „ფერარიში“ გადასვლის შესაძლებლობას, – ამტკიცებს Sky Sports-ი.
2022 წლის სეზონი პირველი გახდა ჰემილტონის კარიერაში, რომელშიც ვერცერთხელ ვერ აიღო პოული და ვერ მოიგო ვერცერთი რბოლა. 2023 წლის სეზონის პირველ რბოლაში ჰემილტონი მეხუთე ადგილზე გავიდა და გამარჯვებულ მაქს ფერსტაპენს 50 წამით ჩამორჩა.
ჭორების მიხედვით, ჰემილტონი უკმაყოფილოა იმით, რომ „მერსედესმა“ ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ისეთი ბოლიდის შექმნა, რომელიც სერიოზულად განაცხადებდა პრეტენზიას ჩემპიონობაზე. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ამ სეზონის შემდეგ ბრიტანელმა შეიცვალოს გუნდი.
მიუხედავად ამისა, „ფერარის“ გაუჭირდება ჰემილტონის გაფორმება, რადგან იტალიური გუნდის წევრებს – შარლ ლეკლერსა და კარლოს საინსს 2024 წლის ბოლომდე აქვთ კონტრაქტები.