ფორმულა 1-ს ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბი-ბი-სის (BBC) მიერ ორგანიზებულ სპორტული ჯილდოების გადაცემის ცერემონიალზე გამოვიდა, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ თავის მშობლიურ სტივენეიჯს მიწურების ქალაქი (slums) უწოდა.
უფრო კონკრეტულად, ლუის ჰემილტონმა სცენაზე დგომისას განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ბავშვობიდან ოცნებობდნენ ‘მიწურებიდან გამოსვლაზე’. ამან სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განსაკუთრებით სტივენეიჯის მაცხოვრებლებს შორის.
მეორე დღეს, ჰემილტონი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა და განაცხადა, რომ „არასწორი სიტყვა“ შეარჩია.
„სრულყოფილი არავინაა. ყველას მოსდის შეცდომები, განსაკუთრებით, როცა ბევრი ხალხის წინაშე გამოდის. მე არასწორი სიტყვები შევარჩიე. იმედი მაქვს, კარგად იცით, რომ ძალიან ვამაყობ ჩემი წარმომავლობითა და მშობლიური ქალაქით. ნუ ჩაიდებთ გულში უარყოფით ენერგიას“, – განაცხადა ჰემილტონმა ვიდეოში, რომელიც საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
ქალაქი სტივენეიჯი ჰერტფორდშირის საგრაფოში, ლონდონიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ლუის ჰემილტონის გარდა, აქ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, ეშლი იანგი და სხვა ცნობილი ადამიანები დაიბადნენ.