ლუის ენრიკესა და დემბელეს შორის კონფლიქტი მოხდა - ფეხბურთელი „არსენალთან“ მატჩის განაცხადიდან გამოიყვანეს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ არ შეიყვანა უსმან დემბელე „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში.
გაზეთ L’Équipe-ის ინფორმაციით, ესპანელ მწვრთნელსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის „რენის“ წინააღმდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ კონფლიქტი მოხდა. საბოლოოდ, ენრიკემ გადაწყვიტა არ წაიყვანოს შემტევი ლონდონში „არსენალის“ წინააღმდეგ სათამაშოდ.
მოგვიანებით, პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.
„თუ ვინმე არ ასრულებს გუნდის წინაშე თავის მოვალეობებს და მზად არ არის… მე ეს კვირა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ ჩემი მოთამაშეები საუკეთესო კონდიციაში იყვნენ. მე ის ჩამოვაშორე შემადგენლობას, რადგან კარგი მინდა ჩემი გუნდისთვის. არ ვაპირებ ამისგან საპნის ოპერა შევქმნა. ჩვენს შორის არანაირი ჩხუბი არ ყოფილა – ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არსებობს პრობლემა ფეხბურთელის მხრიდან ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის პრობლემა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის“, – მოჰყავს ლუის ენრიკეს სიტყვები გამოცემა RMC Sport-ს.