ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენში“ ჟოაო ფელიქსის მიყვანა სურს #1TVSPORT
ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენში“ ჟოაო ფელიქსის მიყვანა სურს #1TVSPORT

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩაიბარებს. გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, ენრიკემ უკვე შეარჩია თავისი პირველი სატრანსფერო სამიზნეც ახალი გუნდისთვის.

ესპანელის მიზანი ფრანგული ფეხბურთის გრანდში მადრიდის „ატლეტიკოს“ პორტუგალიელი შემტევის, ჟოაო ფელიქსის მიყვანა იქნება, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით „ჩელსიში“ გაატარა.

წყაროს ცნობით, ფელიქსის აგენტს, ჟორჟე მენდესს კარგი ურთიერთობა აქვს „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, ლუის კამპოსთან, ეს კი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

23 წლის ჟოაო ფელიქსი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2019 წელს „ბენფიკადან“ 127 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.