„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უპასუხა შეკითხვას კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით.
პარიზული კლუბის თავკაცის განცხადებით, ჯერ ისევ იმედოვნებს, რომ ფრანგი ვარსკვლავი სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება პსჟ-ში. ლუის ენრიკემ ამის შესახებ ფრანგული „კლასიკოს“ წინ ილაპარაკა.
„ბოლო „კლასიკო“ მბაპესთვის? ეს ვინ თქვა? იმედია, მბაპე დარჩება „პარი სენ-ჟერმენში“.
მას ჯერ არაფრის შესახებ არ გამოუცხადებია. მან შეიძლება გადაიფიქროს, ასე არ არის? წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ მოვიგებთ ოთხ ტიტულს, მბაპე კი გადაწყვეტს პსჟ-ში დარჩენას… რატომაც არა?“ – განაცხადა ლუის ენრიკემ.
მიჩნეულია, რომ მბაპეს გადასვლა მადრიდის „რეალში“ გადაწყვეტილი ფაქტია. მაგრამ ესპანურ კლუბს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია გარიგების შესახებ. ელოდებიან, რომ ეს მოხდება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.