ლუის ენრიკე - ვიცი, რომ ჩემნაირი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაში ფეხბურთელებისთვის მარტივი არ არის #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელშიც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა „ბრესტი“ 1:0 დაამარცხა და ტიტულს მიუახლოვდა.
„მარტივი შეხვედრა არ ყოფილა – პირიქით, რთული მატჩი გამოვიდა. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქე დაცვაში გამაგრდა და მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. „ბრესტი“ თავს ძალიან ორგანიზებულად იცავდა.
ვიცი, რომ ჩემნაირი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაში ფეხბურთელებისთვის მარტივი არ არის, რადგან ნანახით იშვიათად ვკმაყოფილდები და ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ. თუმცა ამავდროულად ბედნიერი ვარ, რადგან უმაღლესი კლასის ფეხბურთელები მყავს და მათთან მუშაობა სასიამოვნოცაა და მარტივიც“, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორეადგილოსან „ლანსს“ 6 ქულით უსწრებს. შემდეგი ტურის მატჩი პარიზელებს სწორედ „ლანსთან“ ელით, სადაც ქულის აღების შემთხვევაშიც ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებენ.