ლუის ენრიკე - სტუმრად მოგება კარგია, მაგრამ „არსენალს“ დასაკარგი არაფერი აქვს და სიფრთხილე დაგვჭირდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლონდონში, „ემირეითს სტედიუმზე“ „არსენალთან“ მოგების (1:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ივარაუდა, რომ საპასუხო შეხვედრაში ინგლისელები დიდი ძალებით შეუტევენ.
„როდესაც ამ დონის მეტოქესთან თამაშობ, ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა გიწევს. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღო და ბევრი იმოძრაო, მიზანს რომ მიაღწიო.
„არსენალთან“ ბურთი დასაწყისშივე გავიტანეთ, მატჩი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო ან 2:0 მოგვეგო, მაგრამ ახლა შედეგის შეცვლა აღარავის შეუძლია. ჩვენი მიზანი საპასუხო მატჩის მოგებაა. რისკზე წასვლა არ შეგვიძლია, რადგან ერთი გოლიც რომ გავუშვათ, ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდება.
„არსენალი“ დიდი გუნდია და საპასუხო შეხვედრაში დიდი სიფრთხილე გვმართებს. გაიხსენეთ, „ლივერპულთან“ საკუთარ მოედანზე წავაგეთ, „ენფილდზე“ კი მოვიგეთ. ახლა წინ ვართ, მაგრამ „არსენალს“ შეუძლია პარიზში გაგვიტანოს, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. საინტერესო მატჩი იქნება გულშემატკივრებისთვის, მაგრამ რთული – მწვრთნელებისთვის.
ჯერ არ ვიცით, უსმან დემბელეს ტრავმა რამდენად სერიოზულია, შესაძლოა, კუნთი დაეჭიმა. თუ ის ითამაშებს, უკეთესი იქნება, მაგრამ, შევეცდებით, მიზანს მის არყოფნაშიც მივაღწიოთ“.