„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, შესაძლოა ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს.
ამ სპეციალისტმა ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა, მაგრამ 2019 წელს პოსტი ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა. როგორც აღმოჩნდა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ცხრა წლის ქალიშვილის დაავადება იყო, კერძოდ, ძვლების კიბო. გოგონა აგვისტოს ბოლოს გარდაიცვალა.
ნაკრებს სათავეში ჩაუდგა რობერტო მორენო – ის ლუის ენრიკეს ასისტენტი იყო „რომაში“, „სელტაში“, „ბარსელონასა“ და ეროვნულ გუნდში. მწვრთნელმა კონტრაქტი ევრო 2020-ის ბოლომდე გააფორმა, თუმცა, სექტემბერის დასაწყისში განაცხადა, რომ მზად არის დაუთმოს ადგილი ენრიკეს, თუ ის დაბრუნებას გადაწყვეტს.
„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და პირადად მის პრეზიდენტს ლუის რუბიალესს სურთ 49 წლის ლუის ენრიკეს დაბრუნება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და შეთანხმების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ“, – განაცხადა ჟურნალისტმა ხუანმა კასტანიომ Partidazo Cope-თან ეთერში.
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.