ლუის ენრიკე - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი უნიკალური ტურნირია, აქ ყოფნით ბედნიერები ვართ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-შია, სადაც ფიფა-ს 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.
ახალი ფორმატით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი წელს პირველად ტარდება და მასში 32 კლუბი იღებს მონაწილეობას, ერთ-ერთი კი „პარი სენ-ჟერმენია“.
ლოს ანჯელესში ჩასვლის შემდეგ მოახლოებულ ტურნირთან დაკავშირებით კომენტარი პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა.
„ამ შეჯიბრებას მოუთმენლად ველით. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი უნიკალური ტურნირია და ჩვენ აქ ყოფნით ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, ყველას სურს, ჩვენი თამაში ხშირად ნახოს და მსოფლიო ჩემპიონატი ამ მხრივაც ბრწყინვალე ასპარეზია“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს. ჯგუფიდან მერვედფინალში ორი გუნდი გადის.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.