ლუის ენრიკე - მინდა, გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავდეს, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატში „ტულუზასთან“ გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ასევე „ლივერპულთან“ მოახლოებული შეხვედრების წინ, გუნდისთვის გამარჯვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„სასიამოვნოა, როცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ხარ და კვლავ ბრძოლაში რჩები. ვფიქრობ, მზად ვართ. ფეხბურთელებიც აცნობიერებენ მოახლოებული მატჩების მნიშვნელობას. აუცილებლად უნდა მოვიგოთ „ტულუზთან“, რათა დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძვით.
მოგება მნიშვნელოვანია, რადგან „ლანსი“ „ლილის“ წინააღმდეგ რთულ დერბის თამაშობს. „ტულუზი“ ძლიერი და ფიზიკურად გამართული გუნდია – სტატისტიკურად, საკუთარ მოედანზე ხშირად არ აგებს და თუ აგებს, იშვიათად დიდი სხვაობით. ვიცით მათი შესაძლებლობები და სათამაშო სტილი. სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ყოველთვის რთულია, ამიტომ გვინდა მატჩის კონტროლი და სამი ქულის მოპოვება.
მინდა, გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავდეს, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. იდეალური იქნებოდა, 20 უნივერსალური მოთამაშე გვყავდეს. წარმოიდგინეთ მეტოქე, როცა სასტარტო შემადგენლობას დაინახავს, სადაც ყველა ფეხბურთელს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტულუზას“ მატჩი 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.