ლუის ენრიკე - ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმი არ არის, მეტი შეგვიძლია #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ლივერპულის“ დამარცხების (1:0, პენალტების სერიაში 4:1) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ Canal Plus-თან იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ტურნირზე კიდევ უფრო მეტს მიაღწევს.
„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. არის თუ არა ეს ჩვენი მაქსიმუმი? ნამდვილად არა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია – ჩვენი მენტალიტეტი ასეთია, რომ მეტოქეზე უკეთესები უნდა ვიყოთ.
ძალიან რთული მატჩი გვქონდა, „ლივერპული“ ძალიან კარგი გუნდია და ბურთის გაკონტროლება გაგვიჭირდა, მაგრამ მენტალიტეტითა და ხასიათით მატჩის მოგება მოვახერხეთ.
ამ მოგებაში განსაკუთრებული იყო ჯანლუიჯი დონარუმას როლი, რომელმაც პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია. ახლა უნდა დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და წინსვლა განვაგრძოთ“, – განაცხადა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.