ლუის ენრიკე „ჩელსისთან“ მატჩის წინ - საპასუხო თამაშებს თავისი სპეციფიკა აქვს, რადგან ამ ეტაპზე უკვე რეალურად დგას გავარდნის საფრთხე #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართავს.
„ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ჩავატარეთ მაღალ დონეზე. წინ კიდევ ერთი შეხვედრა გველოდება, რომელიც, როგორც წესი, სრულიად განსხვავებული გამოდის. საპასუხო თამაშებს თავისი სპეციფიკა აქვს, რადგან ამ ეტაპზე უკვე რეალურად დგას გავარდნის საფრთხე და ეს ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს. მიუხედავად ამისა, მზად ვართ – ასეთ დონეზე თამაშს მიჩვეულები ვართ და გვინდა, მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე მოდუნებაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია. მოგვიწევს წნეხის ატანა და სწორედ ასეთი რთული მონაკვეთები უნდა გამოვიყენოთ თამაშის მიმართულების შესაცვლელად. ვეცდებით, მატჩზე კონტროლი დავამყაროთ, თუმცა მსგავსი დონის შეხვედრების სრულად კონტროლი თითქმის შეუძლებელია.
ინგლისურ კლუბებთან დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, რადგან ეს უმაღლესი დონეა. ასეთ შეხვედრებში გვეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი კლასი და სტანდარტები დავამტკიცოთ. ასე იყო გასულ სეზონშიც, როდესაც თითქმის ყველა ინგლისურ გუნდს შევხვდით. წელსაც მსგავსი სიტუაციაა და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა გამარჯვებების სერია გავაგრძელოთ“, – თქვა ენრიკემ.
მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 17 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.