ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩზე, რომელიც ოთხშაბათს, 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.
„შევეცდებით, „პარი სენ-ჟერმენის“ შესანიშნავი ვერსია ვაჩვენოთ. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი თამაშები გველის, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშეები განსხვავებული ენერგიით თამაშობენ. ახლა მარკინიოსი იქნება სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ იქიდან გაგვამხნევებს.
ჩემთვის ფეხბურთში ფავორიტები არ არსებობს. „ლივერპულთან“ მატჩამდე ყველა ამბობდა, რომ ჩვენ ნაკლებად გაგვიმართლა. მაგრამ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავედით. რეალობა ისაა, რომ ამ ეტაპზე შემორჩა 8 გუნდი, რომლებსაც ბრძოლის გაგრძელება შეუძლიათ, ბევრი „ფავორიტი“ კი უკვე გამოვარდა.
„ასტონ ვილა“ ჩვენი მსგავსი გუნდია – ბევრი უნივერსალი ფეხბურთელია და ძნელია იმის გაგება, ვინ ითამაშებს. გუნდი, რომელსაც შეუძლია დაცვაშიც ითამაშოს და შეუტიოს. ამაში ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. ეს რთული მატჩი იქნება ორივე გუნდისთვის. მათ იციან, როგორ განახორციელონ კონტრშეტევა და როგორ აითვისონ სივრცეები – ეს მათი უნარია.
უნაი ემერისთან მოთამაშეები საუკეთესო თვისებებს ავლენენ. სასიამოვნოა, რომ შევხვდები ძალიან დიდ ევროპელ მწვრთნელს, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მოპოვებული. მიმაჩნია, რომ „ასტონ ვილა“ ამ დონემდე მან მოიყვანა.
რაც შეეხება პსჟ-ში ჩემს მე-100 მატჩს, არც ვიცოდი ამის შესახებ! სიამაყის საფუძველია. იმედი მაქვს, კიდევ რამდენიმე ასეულს უკან მოვიტოვებ: მაგრამ ეს უნდა დაიმსახურო.
ამ მატჩებში მნიშვნელოვანი იქნება ემოციების კონტროლი. ვთამაშობთ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. ეს პოზიტიური ენერგია უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამ მხარდაჭერით ჩვენ თამაშებს ვიგებთ და ხალხს ვახარებთ. შევეცდებით, „ასტონ ვილასთანაც“ იგივე მოვახერხოთ“.