ლუგარის ლაბორატორიაზე რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია BBC-ის მიერ შედგენილი 2018 წლის ყალბი ამბების ათეულში მოხვდა
ლუგარის ლაბორატორიაზე რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია BBC-ის მიერ შედგენილი 2018 წლის ყალბი ამბების ათეულში მოხვდა

2018 წლის ყალბი ამბების ათეულში, რომელიც BBC-იმ შეადგინა, თბილისის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციაც მოხვდა. მედიასაშუალების ცნობით, ტერმინ „ყალბი ამბების“ მიმართ ინტერნეტმომხმარებლების ინტერესმა 2018 წელს პიკს მიაღწია.

BBC-ის მიერ შედგენილი 2018 წლის ყალბი ამბების ათეული ასეთია:

10. პუტინის სურათი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე

19 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, ინტერნეტში ვიდეორგოლი გაჩნდა, სადაც ვლადიმერ პუტინის სინათლის პროექციით შექმნილი სურათი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე იყო გამოსახული. „რუსებს უყვართ თავისი ძლიერი ლიდერი და კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად“ – ამბობდნენ ვიდეორგოლში. მოგვიანებით, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ თქვა, რომ შენობასთან არავითარი აქცია არ ყოფილა. ვიდეორგოლი დამონტაჟებული იყო და მას რუსულენოვან გამოცემებში 60-მდე სტატია მიეძღვნა.

 

9. ანგელა მერკელი, ტერეზა მეი, დალია გრიბაუსკაიტე?

2018 წლის მარტში ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა შავ-თეთრმა ფოტომ, სადაც სამი გოგონაა გამოსახული. მინაწერში აღნიშნაული იყო, რომ ფოტოზე აღბეჭდილი იყო გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი და ლიეტუვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე. ფოტოსთან განთავსებულ რუსულენოვან წარწერაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული პირები ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში 1991-1992 წლებში, ხელმძღვანელობის პროგრამაზე სწავლობდნენ. სინამდვილეში კი, 1970-იან წლებში გადაღებულ ფოტოზე 18 წლის ანგელა მერკელი მეგობრებთან ერთად არის გადაღებული. ფოტო პირველად ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა, როდესაც მერკელი 2015 წელს „წლის ადამიანად“ დაასახელა.

 

8. კომპრომატი რობერტ მიულერზე

​30 ოქტომბერს, ამერიკულმა გამოცემა GateWay Pundit-მა დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებდა, რომ სპეცპროკურორმა, რობერტ მიულერმა 2010 წელს ქალზე იძალადა. მიულერი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ კვლევა ყალბი იყო, ხოლო მისი ავტორი 20 წლის კონსერვატორი აქტივისტი ჯეიკობ ვოლია.

 

 

7. რუსეთის პირველი არხი და ევრომაიდნის მთავარი მონაწილე

რუსეთის პირველმა არხმა უკრაინის ევრომაიდნის შესახებ 10-წუთიანი სიუჟეტი მოამზადა. მასალაში გამოჩნდა ახალგაზრდა, რომელიც ავტორებმა ევრომაიდნის მონაწილედ დაასახელეს. აღნიშნული პირი ამბობდა, რომ ევრომაიდანმა პირადად მას არაფერი კარგი არ მოუტანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეპორტაჟში გადაღებული ადამიანი, ბელარუსი ვიტალი იურჩენკო იყო. იურჩენკომ თქვა, რომ რეპორტაჟში გადაღებაზე კოლეგების თხოვნით დათანხმდა, ანაზღაურება არ აუღია და მასში მონაწილეობას ნანობს. სიუჟეტის გამო, რუსეთის პირველმა არხმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ იურჩენკომ რეალური ჩუბენკოს პასუხები გააჟღერა.

 

 

6. „ფეიკ ნიუსი“ ლუგარის ლაბორატორიაზე

2018 წლის ყალბი ამბების ათეულში მოხვდა ასევე ლუგარის ლაბორატორიაზე რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია. BBC-ის ცნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისის გარეუბანში განთავსებულია ლაბორატორია, სადაც ადამიანებზე საიდუმლო ცდებს ატარებენ. ტელეკომპანიის კორესპონდენტი თბილისში გაემგზავრა და ლაბორატორია შიგნიდან შეისწავლა. როგორც BBC წერს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა. BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ლუგარის ლაბორატორია C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია.

2018 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

 

5. საიდუმლო QAnon-ი


2018 წელს პოპულარული გახდა შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ვაშინგტონის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში სავარაუდოდ საიდუმლო ორგანიზაცია QAnon-ი მოქმედებს. თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ მოიყვანა დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში. თეორიის ავტორი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გარემოცვის მახლობლად იმყოფება და პრეზიდენტის თვითმფრინავითაც მოგზაურობს. ავტორის განცხადებით, მიულერის გამოძიების რეალური ამოცანა არა რუსეთის ჩარევა, არამედ ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას საქმიანობაა. თეორიის მხარდამჭერების ერთ-ერთი ლოზუნგია – „დეზინფორმაცია რეალურია. დეზინფორმაცია საჭიროა.“

 

4. პრანკერი და „300 დაღუპული“ Зимняя вишня-ში

25 მარტს სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში ხანძარი გაჩნდა. უკრაინელმა პრანკერმა ევგენი ვოლნოვმა საკუთარი Youtube არხის პირდაპირ ეთერში ასობით დაღუპულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ყალბი ახალი ამბავი, რომელიც ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა.

 

3. ბაბჩენკოს „მკვლელობა“

ჟურნალისტი ანდრეი ბაბჩენკო, რომლის დაღუპვის შესახებ უკრაინის პოლიციამ ინფორმაცია 29 მაისს გაავრცელა, ცოცხალი აღმოჩნდა. მოგვიანებით უკრაინის უშიშროების სამსახურმა თქვა, რომ ყველა ინფორმაცია და მათ შორის საკუთარ სახლში გადაღებული სისხლიანი ბაბჩენკოს სურათები, სპეცოპერაციის ნაწილი იყო. 1-ელ სექტემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინულ-გერმანული საწარმოს, „შმაისერის“ დირექტორს, ბორის გერმანს, ბაბჩენკოს მკვლელობის მომზადების ბრალდებით 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გერმანი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.

 

2. პეტროვი და ბოშიროვი

სექტემბერში ბრიტანეთის პროკურატურამ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების სახელები და ფოტოსურათები გამოაქვეყნა. აღნიშნული პირები ლონდონში ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელებით ჩავიდნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეტროვი და ბოშიროვი სამოქალაქო პირები იყვნენ. ორივე მათგანთან ინტერვიუ ჩაწერა ტელეკომპანია RT-მ, სადაც ეს პირები აცხადებენ, რომ არიან რიგითი მოქალაქეები და სოლსბერიში ცნობილი კათედრალის მოსანახულებლად ჩავიდნენ.

მოგვიანებით, გამოცემა Billingcat-მა და The Insider-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პეტროვი და ბოშიროვი შესაძლოა, სინამდვილეში რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების, ალექსანდრ მიშკინისა და ანატოლი ჩეპიგას ყალბი გვარები იყოს.

 

1. გათავისუფლებული ყალბი ამბისთვის

დეკემბერში გერმანულმა ჟურნალმა Spiegel-მა საკუთარი თანამშრომელი, ბევრი ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელი, კლაას რელოტიუსი სამსახურიდან გაუშვა. ჟურნალისტმა აღიარა, რომ თავისი ისტორიის დეტალები და არარსებული ინტერვიუს ფრაზები გამოიგონა, ისტორიებში კი არარსებული გმირები ფიგურირებდნენ. ფაქტები საერთო ჯამში რელოტიუსის 14 რეპორტაჟში დამახინჯდა.

 

წყარო: BBC