ლუჩანო სპალეტი - ვულოცავ „მილანს“, მაგრამ მსაჯი ჩვენ მიმართ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა და პენალტი არ დაგვინიშნა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანთან“ დამარცხების (1:0, 1:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქეს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ განმეორებითი შეხვედრის მსაჯები გააკრიტიკა.
„„მილანს“ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვულოცავ. მეტოქემ ამ ორ მატჩში შანსები მაქსიმალურად გამოიყენა. ეს არის მომწიფებული გუნდისთვის დამახასიათებელი. მოთამაშეებმა იციან, როგორი გადაწყვეტილებები მიიღონ, როდის მოუმატონ და თავი როდის უნდა დაიცვან.
მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ცუდი რეალიზაციისთვის და მომენტებში გამოუცდელობისთვის დავისაჯეთ. ზოგიერთ მოთამაშეს სანაკრებო მატჩების შემდეგ ცოტა „სუნთქვა შეეკრა“. დიახ, საერთაშორისო შესვენებამ საგრძნობლად დაგვაზარალა, მათ შორის, ფიზიკური მომზადების კუთხით.
მილანში პირველი მატჩი კარგად ვითამაშეთ და ეს დღეს კიდევ ერთხელ შევძელით. მათი გოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რადგან ჩვენ გვქონდა ბურთი. მაგრამ ვერ გავაკეთეთ ის, რაც მათ საჯარიმოში გააკეთეს. აშკარაა, რომ პაუზის შემდეგ რაღაც შეიცვალა.
როგორ შევაფასებ მსაჯების მუშაობას? პირველი შეხვედრისას ისინი ყველამ გააკრიტიკა, „მილანის“ ქომაგების გარდა. დღესაც ლოსანოზე აშკარა პენალტი იყო, რადგან ეს იყო არა შეხება, არამედ ფეხში დარტყმა. ეს არ შეიძლებოდა, მსაჯს გამორჩენოდა, მაგრამ მე არაფერს ვეტყვი. მეტოქის სასარგებლოდ თუ პენალტი დაინიშნა, ის ჩვენ მიმართ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.